ტყეში
შუა ტყეში ხარობს თელა,
თელა არის დევის ხელა.
თელას ბედი ისე წყალობს,
კარზე ჩამოუდის წყარო.
წყაროში რომ კენჭებია,
ეგ ტყის ქალის ბეჭდებია.
- ის ტყის ქალი სადაა?
- გამოჩნდება საცაა.
ფასანაურს ჩასულა,
უყიდია ფარჩები,
მეტსაც გეტყვით, წენგოთი
შეუღებავს კლანჭები.
- რაო, რა ამბავიაო?
- ნეფეს ელის თურმე!
მაყრიონი მოაგორებს
ძღვენით ავსილ ურმებს.
მახარობელს - წუღები,
ზედ - ხარი და უღელი!
- თაგვს? - კაკალი უხრელი!
- ყვავს? - სიმღერა უთქმელი!
- მე? - ლექსი და ზღაპარი,
ყველას კარგი ამბავი!