საშობაო კონცერტი
ბუს ბახალა ბუკა
სიხარულით ბუქნავს.
- ვინ ესტუმრა?- დეიდა.
- რა მოართვა?- ფლეიტა!
- რა კარგია, ჰეიდა,
დაკვრას ვიწყებ დღეიდან!
როიალის პედალს
ვერ წვდებოდა ბედად,
ვიოლინოს ხემიც
იყო ძალზე გრძელი,
მძიმე იყო ჩელოც,
ტყეში როგორ ევლო?
ჰოდა ჩვენი ბუკა
ფლეიტაზე უკრავს!
- საშობაოდ ვმართავ კონცერტს!
ბილეთებში ვითხოვ ორ ცენტს!
- პროგრამაში რა გაქვს ბუკა?
- რა თქმა უნდა, ,,ღამის ფუგა“!
ჭოტი გახლავთ მაესტრო,
ყველა უნდა დაესწროთ!