მარიამ წიკლაური

ქუმელა

ბაჭოს დედა კურდღელმა
მოუმზადა ქუმელა.
ცეცხლი მისცა ღუმელმა,
წყალი მისცა ღრუბელმა.
ბაჭო-ბიჭის ნათლიამ
ფქვილი მხარით ათრია
ტყე-ტყე,
კორომ-კორომ
და აუვსო სორო.
დედას ჰყავდა დაქალი,
მისცა ცოტა შაქარი.
კარაქი და ერბო
უწილადა ბებომ.
მეზობელიც ჰყავდათ -
შინაბერა ციყვი,
მან მარილი არგო,
ორიოდე მწიკვი.
დახალული თხილი,
კაკალი და ნუში
ბიცოლამ და ბიძამ
მოუკითხეს გუშინ.
ათუხთუხდა ქუმელა,
ტყე აავსო სურნელმა.
დედამ ფაფა თანაბრად
უწილადა სუყველას:
ესო - მესო – მეზო - ბელსო,
ესო - მასო - მეგო - ბარსო,
ესეც - ბაჭო-ბიჭსაო,
ღმერთი გამიზრდისაო!
ესო - ჩიტსო,
ესო - თაგვსო,
ერთი ლუკმაც - ბეჩავ თავსო,
თავად ქვაბის ძირი ლოკა,
ამოივსო ცალი ლოყა.
- მე?
- შენც გარგეს წილი,
აბა, გახსენ პირი.