მარიამ წიკლაური

ოჩოპინტრე და ოჩოდალი

-იყო და არა იყო რა,
ტყეში ცხოვრობდა ბიჭი.
ტყეში ხარობდა წიფელი,
თელა, მუხა და ფიჭვი.
-კიდევ? -ზღმარტლი და კუნელა.
-კიდევ?- ცხოვრობდა თხუნელა.
-კიდევ? -ხოხობი, კაკაბი,
ტყეს არსად აჩნდა ნაკაფი.

ის ბიჭი ნადირს მწყემსავდა,
დაუდიოდა ჯოგი.
ერთი დაც ჰყავდა - ტყის გოგო,
ფხიზელი, როგორც ჭოტი.

-რა ერქვათ?
-დას - ოჩოდალი,
ძმას კიდევ - ოჩოპინტრე!
მონადირეებს აფრთხობდნენ,
ბოროტებსა და ფინთებს.

მაგრამ ჩვენს პინტრე ბიჭუნას
ემართა ძილის ქირა,
თუ ერთს ჩასთვლემდა ხის ძირას,
ეძინა მთელი კვირა.
იმ ბოროტ მონადირეებს
ამ დროს სწყალობდათ ბედი:
ხან ცხოველს ჰკლავდნენ,
ხან - ფრინველს,
რაღა უნდოდათ მეტი?!

გოგო კი მუდამ ფხიზლობდა,
ქარებს ატანდა ისარს,
რომ მონადირის ნასროლი
არ მოხვედროდა მიზანს.

ოჩოპინტრეს და ოჩოდალს -
ნადირთ ჯოგების მწყემსებს,
არც გრიპი ემართებოდათ,
არ უკეთებდნენ ნემსებს.
- არც ზღაპრებს არ უყვებოდნენ?
- არ დადიოდნენ ცირკში?
-გეყოთ, დახუჭეთ თვალი და
თავადვე ჰკითხეთ ძილში.