მზის დაბნელება
იალბუზიდან მყინვარზე
გადაეჭიმა თოკი.
დევს წამოედგა სარეცხი,
რას იკმარებდა დოქი?
ან კოკა რას ეყოფოდა,
ან ჩაფურა და ლიტრა?
შვიდი არაგვი ჩაკეტა,
წყალი ზღვასავით იდგა.
შიგ ერთად გადაუძახა
ჯუბა, ფარდაგი, წინდა.
მერე ზედ შედგა ფეხებით,
ქვებზე ხეხა და წმინდა.
რეცხა, რაც რამე ებადა:
ჯამი, დოქი თუ ქვაბი,
ჩამოიწუწა კალთები
ნამზითვი ჯვალოს კაბის.
გრიხა და წრიხა ფლასები,
დატბორა გზა და შარა,
თან თოკზე ფენდა ღიღინით
ცხრა შვილის
ცხრა-ცხრა შარვალს.
სარეცხმა მზე დააბნელა,
ვაიმე ჩვენი ბრალი!
კიდევ კარგი, რომ ხშირ-ხშირად
არ რეცხავს დევის ქალი.