მარიამ წიკლაური

კარგად გავხდები ხვალე

ყვავს ჩემი ხველა ვაჩუქე,
სულ ჩაეხრინწა ხმა!
ვეღარც სიმღერა იმღერა,
ვეღარც ლექსები თქვა.
მგონი, თამაშიც არ უნდა,
ხის კენწეროზე თვლემს,
თავი პრასით აქვს წაკრული,
ძახველს ჭამს მთელი თვე.

სიცხე წაიღო თაგუნამ,
გააღუღუნებს სოროს,
ბუხარსაც ააგიზგიზებს,
კეცებს შემოდგამს ორ-ორს.
ზედ გამხმარ სოკოს შებრაწავს,
ხან კი მოხალავს კაკალს,
ოჯახსაც გამოაზამთრებს
და ერთ-ორ ღარიბ დაქალს.

თავის ტკივილი ჭინჭველას
ავკიდე ზურგზე გუდით,
ცხინკა-ჭინკას კი თავადვე
ქვა ვასროლინე კუდით,
- წამლები? - ჩიტმა აკენკა,
თეთრიც, წითელიც, მწვანეც!
- წი-წი, მითხარი, ჩიტუნავ,
ტკბილი იყო თუ მწარე?
- არც მწარე იყო, არც ტკბილი,
ავჭიკჭიკდები მალე!