მარიამ წიკლაური

გულმავიწყი ყანჩა

ერთ გუბეში აკანჭული
იდგა აყლაყუდა ყანჩა.
მერე სადღაც გაფრინდა და
ცალი ფეხი იქვე დარჩა.
ფეხმა ფესვი გამოიღო,
ფესვმა - ყლორტი,
ყლორტმა - ჩირთი,
გაიფოთლა და ხედ იქცა,
ღერზე ესხა ასი კვირტი.
იქით - ჩიტმა დაიბუდა,
აქით კიდევ - დახტის ციყვი,
ტოტზე სიოც ჩემოსკუპდა,
ციცქნა ბარტყი მოჰყვა ცხიკინს.
როდის-როდის გაახსენდა
დაკარგული ფეხი ყანჩას,
მიიხედა-მოიხედა,
მაგრამ ცალი ფეხი არ ჩანს.
ეძებს,
ეძებს
ის საწყალი,
არც გუბეა, აღარც წყალი...
ხე ჩაიცვამს ლამაზ ხავსს,
ჰოდა, ყანჩაც რას ნახავს?!