მარიამ წიკლაური

დარჩა სოფელი მშიერი

ერთმა საწყალმა ქათამმა
ჩაყლაპა პურის მარცვალი,
დიდი ჯაფა არ დაადგა,
არც ფხა შეერჭო, არც - ძვალი.
მარცვალს გადაჰყვა სამკალი,
სამკალს - ბზეცა და საფქვავიც,
საფქვავს - ცომი და პურები,
სულ დაბრაწული ყუებით.
პურებს - ქადა და ნაზუქი,
შობა-ახალ წელს ნაკურთხი,
ქადებს - ხმიადი, ქუმელა,
საბძელს ქარებმა უბერა.
დარჩა სოფელი მშიერი,
კაკანმა ვეღარ უშველა!
ამდენი რა ჩაიტია
საწყალი ქათმის მუცელმა?