მარიამ წიკლაური

ცოცხი

წვერი აქვს ფხოჭნია,
ულვაში - უხეში,
მოკალათებულა ოთახის კუთხეში.
ახვევია თოკის კაშნე,
ნაკუწსა და ნამცეცს ამჩნევს.
არ აკლია თვალის ჩინი.
მტვერსასრუტის პაპაა და
ბაბო ფოცხის შვილიშვილი!
იგი გახლავთ გამრჯე,
ზარმაცებზე მარჯვე.
ხან მოკლეზე გრძელი არის,
ხან - მაღალზე დაბალია,
სახლის, ეზოს, ქუჩის, ქვეყნის
სისუფთავე აბარია.
კარგია, თუ ახალია.
იცის თავის საქმე,
დადექი და აქე!
უყვართ ქალებს, უყვარს ჰარის,
ეს - ბატონი ცოცხი არის!
მეგობრებიც ბლომად ჰყავს:
ტილო, სათლი, ასტამი...
ყველას სისუფთავეს და
სიკოხტავეს ასწავლის.
კუნჭულ-კუნჭულ დაძვრება,
მტერი გახლავთ ნაგვის,
მაგრამ ჩვენი მარჯვენის
გარეშე რომ არ ჰგვის?