ცელქი დევები
დევის ქალი მელანია
ორთავ თვალით ელამია.
ცხრა შვილისთვის ფაფას ხარშავს,
გარს ეხვევა ყველანია.
სამი სოფლის სამყოფელი
ქვაბში ჩაუყრია შვრია,
სამი დღეა ქვაბი უდუღს,
სამი წყარო დაუშრია.
ცხრავე შვილი ცხრა-ცხრა გობით
სუფრის გასწვრივ დაუსხია,
ცხრა ჩარექი ფაფითაც კი
ვერცერთი ვერ გაუძღია.
დევთ გაუდით რია-რია,
რა ქნან?! ცხრა-ცხრა პირი აქვთ და
მუცელი კი ზიარია.
ატირებულ ბოლოლა დევს
დედიკოსთან ენა მიაქვს:
- ჩემმა ძმამ თქვა, ჩაგყლაპავო,
თუ არ მაჭმევ შენს წილ შვრიას!
ფხიკეს, ლოკეს ქვაბის ძირი,
დააყოლეს ცივი წყალი,
მაინც კიდევ ყაყანებდნენ,
გადარიეს დევის ქალი.
ადგა ბოლოს მელანია,
ორთავ თვალით ელამია
და საშველი რომ ვერ ნახა,
კარგად ტყიპა ყველანი -აააააააააა!