ილია სიხარულიძე

თითების დავა

ერთხელ თითნი წაიკიდნენ,
ჰქონდათ ცხარე დავა,
მოიხსენეს ერთმანეთი
უდიერად, ავად.

იკვეხნიდნენ თავის ამაგს,
თავთავიანთ საქმეს,
ერთმანეთის მნიშვნელობა
მოიძულეს, დაჰგმეს.

დაჰგმეს ძმობა, მეგობრობა,
ერთად გარჯა, შრომა,
ჭირში, ლხინში ერთად ყოფნა,
მხარში ამოდგომა.

ცერმა თქვა: მე თითებს შორის
ვარ თავიდათავი,
ყველა საქმის წამომწყები,
მხე და გამბედავი.

მე თუ არა, ხელი რამეს
გააკეთებს? - ვერა!
უჩემოდ სად შეუძლია
ხატვა ანდა წერა!

მადლი გამჩენს, რომ ბუნებას
შევუქმნივარ ცერად! -
თქვა და თითებს გადახედა
კუშტად, ალმაცერად.

საჩვენებელ თითს რა ესმა
ცერის სჯა-ბაასი,
უთხრა: ცერო, შენ უჩემოდ
აბა, რა გაქვს ფასი?

მე რომ მუდამ არ გშველოდე,
გვერდს არ გედგე მუდამ,
რას გახდები! ამიტომაც
მაფასებდე უნდა.

იქნება შენ არც კი იცი,
„სალოკი“ რომ მქვია?!
პირს საჭმელებს ვალოკებდი,
„სალოკს“ მეძახიან.

დღეს არავინ აღარ მლოკავს,
დღეს კოვზს ხმარობს ყველა,
მაგრამ მაინც პატივში ვარ,
როგორც უწინ, ძველად.

შუათითმა ცერს და სალოკს
გადახედა ცივად,
შეუბღვირა: დაგავიწყდათ,
მე რომ უფროსი ვარ!

აბა, როგორ შემედრება
რომელიმე თითი?!
მე ყველაზე მაღალი ვარ
და ყველაზე დიდი!

ორი თითით ხატვა, წერა
გაგონილა სადმე?!
უჩემოდ თქვენ რას გახდებით,
წაგიხდებათ საქმე!

არათითმა ამოიღო
ხმა და ეს გაბედა:
- ვერ მივმხვდარვარ, „არათითი“
რად მიწოდეს ნეტავ?

რად არა ვარ, აბა, თითი,
რად არ მთვლიან თითად?!
ცერს, შუათითს და სალოკსაც
თავი მოაქვს დიდად.

ჩემს მეტს ყველას სახელი აქვს,
უსახელო მე ვარ,
მიკვირს, ჩემთვის რად გაჭირდა
სახელის დარქმევა?!

ბოლოს ნეკიც ახმაურდა,
თქვა: მისმინეთ ერთი,
ხუთ თითში მეც ვურევივარ,
არა ვარ ზედმეტი.

ტანად თუმცა პატარა ვარ,
მე არ მწუნობს ხელი;
არათითს სულ გვერდში ვყავარ
და საქმეში ვშველი.

მე თუ არა, თქვით სიმართლე,
ხელი რამეს დაწერს?
საყრდენი ვარ და წერის დროს
სიმძიმე მე მაწევს.

ყველა თითი ჩემს წინ არის,
თავი მოსწონთ, მე კი
ჩემთვისა ვარ, ხელის ბოლოს
პაწაწინა ნეკი!

ასე ყველამ დაიჭირა
ცალკე გზა და ხიდი...
თითს თუ თითი გვერდს არ უდგას,
რას გახდება თითი?

ცერი სალოკს თუ არ შველის,
მასთან შუათითიც,
განა საქმე გაკეთდება
პატარა ან დიდი?

ანდა ნეკი, არათითი
ზედმეტია განა?
ისინიც ხომ სხვებს შველიან
და გვერდში უდგანან!

ცალ-ცალკე რომ ვერას გახდნენ,
დაინახეს მაშინ,
რომ ყოფილა უძლეველი
ძალა ერთობაში.

ამის შემდეგ ხუთი თითი, -
ეს ღვიძლი ძმა ხუთი,
ერთად, ძმურად რომ არ იყვნენ,
არ იქნება წუთი.

თვალად, ტანად, ჯანით, ღონით
სხვადასხვაა ყველა,
მაგრამ უყვართ ერთმანეთის
დახმარება, შველა.

და როდესაც მტერს უტევენ
ბრაზით, რისხვით, კუშტად,
მაშინ ყველა ერთად, ტოლად
შეკვრება მუშტად.

მათში უმცროს-უფროსობას
აქვს პატივი დიდი,
თითს რომ თითი გვერდში უდგას,
მაშინ თითობს თითი!