ოთარ შალამბერიძე

დიდია თუ პატარა

ყველა ტუქსავს,
ყველა არცხვენს,
დილაა თუ ბინდია;
დასჭირდება -
პატარაა,
დასჭირდება -
დიდია.

- შვილო,
წყალი მომიტანე,
ნუ ხარ აგრე ზარმაცი.
- დედა,
ჯერ ხომ პატარა ვარ,
გაზრდას აღარ დამაცლი?

მომცრო თეფში
რომ დაუდგეს,
იტირა და იტირა:
- დიდი თეფში
რა უყავით,
მე ხომ უკვე დიდი ვარ?!

რა ქნას, აღარ შეუძლია
დედას მეტის ატანა;
თქვით, ბავშვებო,
ეს ყმაწვილი
დიდია თუ პატარა?