შოთა ამირანაშვილი

ლომსაც დაეჭიდება

მინდა ყველას გიამბოთ:
უწინ ჩემი ძამია
ხშირად ავადმყოფობდა,
სუსტი იყო ძალიან.
ახლა ისე გაკაჟდა,
ცნობა გაგიჭირდებათ,
მისი ღონის პატრონი
ლომსაც დაეჭიდება.
აგრე მკვრივი კუნთები
იცით რისი მადლია:
უპირველეს ყოვლისა
დგება დილაადრიან,
დილის ვარჯიშს ეზოში
ბარე ოც წუთს უნდება,
მერე გამხნევებული
ისევ შინ რომ ბრუნდება,
მადიანად საუზმობს,
ხვეწნა აღარ სჭირდება;
ახლა სწავლაც და გარჯაც
უფრო უადვილდება.