შიო მღვიმელი

პირველი გაზაფხული

პირველი გაზაფხულია,
ბიჭო, გავიდეთ ველადა,
მინდორი ამწვანებულა,
ბიბინებს სანატრელადა.

მზე გამოფოთლილ ჭალა-ტყეს
დაჰყურებს ცხარე თვალითა,
აქ-იქ ქურდულად დარჩენილს
თოვლს ანადგურებს ძალითა.

ბუჩქების ძირში ჯგუფ-ჯგუფად
ამოფეთქილან იანი,
იქვე ფარფატებს პეპელა,
ნაზი, ფრთა-წინწკლებიანი.

მერცხლებიც დანავარდობენ,
სამშობლოს ნახვით ტკბებიან,
ია ხომ აყვავებულა,
ვარდებიც გაიშლებიან!

1891