შიო მღვიმელი

ია

შეხეთ ამ ტურფას, მშვენიერს,
ლურჯად აფეთქილს იასა,
ყველას თავისკენ იზიდავს:
ფუტკარს, პეპელას, ჭიასა.

თავს ილამაზებს, იცინის
კეკლუცი პატარძალივით,
ხან იმალება ბუჩქებში
გაბუტულ-შემომწყრალივით;

ხან მაღლა იღებს თავს ნაზი,
ყელ-ყელა მოღერებული,
და თეთრად ბრწყინავს მზის შუქზე
ცვარი ზედ დაპკურებული.

1891