ახალი წელი
ინათა, ახალი წელიც
გამოჩნდა თავისი ალმითა;
სუყველას ჩამოუარა
კარისკარ, ტკბილის სალმითა.ბალღებს შესძახა: - მოვედი,
ადექით, ძილი კმარაო,
მას წელს დავატკბობ, ვინც შარშან
ამ დროს ვერ გაიხარაო.თან მოვიტანე თქვენთვისა
სიმკვირცხლე, სიხარულიო,
ხალისი სწავლა-ცოდნისა
და ერის სიყვარულიო:თაფლი, ჩურჩხელა, ჩამიჩი,
ბასილა, თაფლის კვერიო,
ვაშლი და თხილი მრავალი,
უხვად სხვაც ყველაფერიო;ბურთი, ბზრიალა, ჩიკორი,
სხვადასხვა გასართობიო,
წიგნები ნაირ-ნაირი,
ერთი მეორის მჯობიო.ადე, ჩაჰკიდეთ ხელი ხელს,
იხტუნეთ, იცქრიალეთო,
სხვა წლისთვის შესაგებებლად
ჩემი დღეები თვალეთო!