შიო მღვიმელი

გაზაფხული

ყინული დადნა, იღვიძებს
ველი დიდი ხნის მძინარე,
ტყე იფურჩქნება, იშლება,
მოსჩქეფს წყარო და მდინარე.

ცა მოკამკამებს, ლურჯდება,
დადგა დარები მზიანი,
მწვანედ ბიბინებს მინდორი
მადლიან-ბარაქიანი.

ზედ დასჭიკჭიკებს მერცხალი
მალხაზი, მალიფრთიანი.
ტოროლა დაუზარელი
და მუდამ ხალისიანი.

მოსურვებიათ სამშობლოს
ნახვა შოშიებს, გვრიტებსა,
მოსულნი ჟივილ-ხივილით
სალამს აძლევენ ჩიტებსა.

1891