ბიძინა მინდაძე

ორი ჭიანჭველა

ულამაზეს ბათუმის პორტს
ალბათ იცნობს ყველა, -
იქ ტვირთავდა გემებს ერთ დროს
ორი ჭიანჭველა.

განა ერთხელ, განა ორჯერ,
დაუტვირთავთ გემი...
შოკოლადის გორა დადგეს
და ნაყინის მთები.

აი, ახლაც ბავშვებისთვის
გემზე ააქვთ ზურგით -
გაბერილი ბეჰემოტი,
გასაბერი ბურთი,
პლასტელინი საძრწავი,
სახატავი ტილო,
გუდაპერჩის მაიმუნი,
კაუჩუკის სპილო,
ალბომები, რვეულები,
წიგნი ოცი ტომი,
სათამაშო სირაქლემა
და ნამდვილი ლომი.

მაგრამ თურმე იგი ლომი
ავი იყო ძალიან,
ტორის ერთი მოქნევით
გაანგრია გალია.

გამოვარდა გემბანზე,
გაეშალა ფაფარი,
იღრიალა საზარლად:
- კაპიტანი სად არის?!

გემზე, მოგეხსენებათ,
ატყდა დავიდარაბა:
ვინ ტრიუმში ჩაძვრა და,
ვინ ანძაზე ავარდა.

თუთიყუშმა კივილით
ცაში შეჰკრა კამარა.
სირაქლემამ მაშინვე
თავი ფრთის ქვეშ დამალა.

ხალხმრავალი გემბანი
ერთბაშად დაიცალა.
ორმა ჭიანჭველამ კი
ფეხიც არ მოიცვალა.

გადაუდგნენ გზაზე ლომს
და ვით შვენის მეომრებს,
ერთი ფაფარს ჩაეჭიდა,
კუდზე აძვრა მეორე.

- გაიქეცი უკან ჩქარა,
ნახე შენი საფარი,
თუ არ გინდა, კუდი მოგჭრათ,
შეგიკრიჭოთ ფაფარი.

დაფრთხა ლომი, გალიისკენ
გაძუნძულდა ქურდივით.
კაპიტანმაც გადაიცვა
საზეიმო მუნდირი,
და ჩაკეტა იმ გალიის
რკინის კარი საკეტთ,
მერე მამაც ჭიანჭველებს
გაუმართა ბანკეტი.