ნოდარ დუმბაძე

ქეთინო, გამოიცანი!

გამოცანა: მტერია სიბნელის,
მტერია წყვდიადის,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე თბილი,
დიადი,
ზვიადი,
ნაზი და კეთილი
იძინებს ღამით და
იღვიძებს დილით.

პასუხი: ყველაზე ლამაზი?
ყველაზე კეთილი?
ზვიადი,
დიადი,
რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია:
არა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას დედა.

გამოცანა: ყველაზე ძლიერი,
ყველაზე მამაცი,
ლამაზი ფაფარით,
ძლიერი ტორით,
გრუხუნა,
ბრუხუნა,
სამართლის გამჩენი,
ქვეყნად რომ არა ჰყავს
ტოლი და სწორი.
პასუხი: გრუხუნა?
ბრუხუნა?
ძლიერი? მამაცი?
ნეტავი რად უნდა
მიხვედრა ამას?
შენ ლომი გგონია?
არა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას მამა.