მანანა და ლალი
მანანა – ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი – რაო, ჩემო მანანა?
მანანა – ეგ თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?
ლალი – რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
მანანა – რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლალი – არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მანანა – მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლალი – მერე მე რომ მოგარჩინე,
ექიმი რომ ვიყავი?
მანანა – ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე
სულ არ იცი თამაში
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლალი – მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?
მანანა – მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლალი – როგორც ვხედავ, ქალბატონო,
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაფთები?
მანანა – არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები.