ქეთინოს ბაფთები
გადაიფრინეს პეპლებმა
ათასფერადი ტრამალი,
უხვად მიირთვეს ნექტარი,
ვით უკვდავების წამალი.
დაკოცნეს ვარდი, ყაყაჩო,
ია, ღიღილო, ენძელა,
ცის დასალიერს მიადგნენ,
დაღლილებს ფრენა ეძნელათ.
უცხო ყვავილზე ჩამოსხდნენ
თვალი მილულეს წამითა,
უცებ წამოდგა ყვავილი,
ყვავილი უცებ წავიდა.
პეპელამ უთხრა პეპელას:
- რა გვემართება ნეტაო,
მოსიარულე ყვავილებს
თვალით პირველად ვხედავო. -
მაშინ ყვავილმა შეჰკადრა:
- რამ შეგაშინათ ნეტაო,
ქეთინო მქვია სახელად,
რა ვქნა, მასხედით ზედაო,
მინდვრად ბაფთები დავკარგე,
საუბედუროდ ჩემდაო,
რომ მიმატოვოთ, პეპლებო,
შინ არ შემიშვებს დედაო. -
ვერ გაუწბილეს პეპლებმა
თხოვნა და გულისნადები,
ახლა არავინ არ დადის
ქეთოსნაირი ბაფთებით.