|
|
გარჯა-საქმიანობაში
ქვეყნად ტოლი არ ჰყავს ცაცას:
უძაფოდ ქსოვს,
უწყლოდ რეცხავს
და უცომოდ აცხობს ნამცხვარს.
|
|
|
ტოლ-სწორებში თავის თავი
იცით, რითი მოსწონს უჩას?
თვალებს ახელს, როცა სძინავს,
კითხვის დროს კი თვალებს ხუჭავს. |
|
ხელოვნების სიყვარულში
დათოს ცისქვეშ ტოლი არ ჰყავს:
მკლავზე უკრავს ვიოლინოს,
ჯოხზე - ჩონგურს,
სკამზე - არღანს. |
თამრომ ქალის ბევრი საქმე
იცის ყველა სხვაზე კარგად:
კაბებს კერავს უქსოვილოდ,
და უძაფოდ ბაფთებს ქარგავს.
|
|
|
ზაზა-ბიჭი ფრთებს ზამთარშიც
ასხამს ხილეულის ნატვრას:
შავქლიავზე კეხურას ჰკრეფს,
ბალზე - გულაბს,
ლეღვზე - ატამს. |
|
მიტომ გაგამხიარულეთ:
გელავ, კახავ,
ნანავ, ლიავ,
რომ სიცილი ჯანმრთელობის
უებარი წამალია. |
|