ირმა მალაციძე

პოეტი ფისო

ფისომ ბევრი იფიქრა,
აი, რა მოიფიქრა:
- მსურს, რომ გავხდე პოეტი,
შევთხზა ბევრი სონეტი...
პოემები, ლექსები,
რითმავ, სად გამექცევი?
როცა მოვა მუზა,
სპილოს ვაქცევ ბუზად,
ჭიანჭველას – სპილოდ,
სულ მცირე, ას კილოდ.
არ მექნება პრობლემა,
წლის ვიქცევი მოვლენად.
არ გამოვა ბარში?
ავალ მაღლა მთაში.
მთაში დავცემ კარავს,
მოვიმარჯვებ კალამს.
არ დავზოგავ მელანს
და დავიწყებ წერას.
რჩევა სთხოვა მურიკოს,
არ მოიქცა ურიგოდ.
მეგობარმა ცუგრიამ
ცხვირწინ თათი უქნია:
- ნაბიჯია თამამი,
დაგავიწყდა მთავარი.
ახლა უნდა მითხრა,
იცი წერა-კითხვა?
ფისუნია დაღონდა:
- ეგ სულ აღარ მახსოვდა.
არ მეგონა მურიკო,
ასე რთული თუ იყო.