პაწაწინა ლუიზა
საწერ-კალამს წავეტანე,
მამამ მითხრა: - ნუ იზამ!
ხელში უთო დავიკავე,
დედამ მითხრა: - ნუ იზამ!
მუთაქები გადმოვყარე,
დეიდამ თქვა: - ნუ იზამ!
აბა, რა ქნას, თქვენ მითხარით,
პაწაწინა ლუიზამ?
რა ვაკეთო მუდამ სახლში,
ჯერ არც ისე დიდი ვარ:
ვერც სკოლაში, ვერც კინოში
და ვერც ბაღში მივდივარ.
რვეული მაქვს სახატავი,
ვხატე, ვხატე ვარიკა,
მაგრამ ფეხი და ვერც თავი
ვერ მოვაბი, არ იქნა.
წიგნიც კი მაქვს, რაა მერე,
მე ხომ კითხვა არ ვიცი,
და რომ მკითხონ - შიგ რას წერენ,
ხომ სირცხვილით დავიწვი!
ადვილია თქმა და დაშლა:
„ნუ იზამ!“ და „ნუ იზამ“,
მაგრამ რა ჰქნას, თქვენ მითხარით,
პაწაწინა ლუიზამ?