გივი ჭიჭინაძე

სიმღერა წიგნზე

ხეზე გალობს მგალობელი,
მზე უცინის იასა.
მთიდან წყარო მოიმღერის
დელი-ოდელიასა.
ძია კომბლემ მწვანე სერზე
ცხვარი ჩამოატარა.
- ქვებს ნუ მესვრი, ბიჭო სესე! -
სთხოვს მერცხალი პატარას.
ავთანდილმა ღიღინ-ღიღინ
მთები გადინადირა.
ხუთკუნჭულამ გვახარხარა
და შვლის ნუკრმა გვატირა.
წიგნის მადლით შევიყვარეთ
აკაკი და ილია,
მოჩუხჩუხებს, ვეწაფებით,
ვსვამთ და არ დაილია.
შრიალ-შრიალ ფოთლებია,
თუ ფიფქები ფანტელა!
ფრთხილად შლიან ნინო, ბექა,
გია, თამრო, ნათელა...
მის ჯადოსნურ სილამაზეს
ერთხელ ვინც ეზიარა,
ყველამ გულით შეიყვარა
წიგნი ფურცლებშრიალა.