გივი ჭიჭინაძე


ავად გახდა ხუთიანი

ხუთიანი ავად გახდა,
დატრიალებს თავზე ანა.
დაეკარგა სნეულს მადა
და ოთხიანს დაემგვანა.
დასიცხულს და უჭმელს-უსმელ
კითხვის თავი ჰქონდა განა?!
აუწია სიცხემ ისევ,
გადაიქცა სამიანად.
 - დავიღუპე, ვაი, დედა! –
აღვარღვარებს ცრემლებს ანა. –
ამ ხუთიანს, როგორც ვხედავ,
უნდა იქცეს ორიანად.
- ალო! – ექიმს უხმობს ანა,
გევედრებით, მოდით მალე!
ავადა მყავს ხუთიანი,
მომირჩინეთ, დამეხმარეთ! –
ჰა, ექიმიც გაჩნდა უცებ,
არ დასჭირდა ფიქრი დიდხანს,
თქვა: - შეჰყრია სიზარმაცე!
- რა მოარჩენს?
- წიგნის კითხვა!
- ჩქარა წიგნი, წიგნი მინდა! –
ანამ ძილში თვალი ჭყიტა.
- აქა ვართო! – მეგობრებმა
გადმოსძახეს კარადიდან.