ირაკლი გოგოლაური

ფალავნები

დაჰკრეს ზურნა,
დაფაცურდა
ორი მსაჯი: ნოშე, გივი...
მოედანზე ფალავნები
აიქოჩრნენ ყოჩებივით.
დადგა მტვერი,
დადგა ბუქი,
მკერდებს გააქვს ბაგაბუგი.
სარმას უდებს ბოიგარი,
ზურა ყვირის: განი, განი!
ხან გვერდული,
ხან კისრული
და ტორტმანობს ზურგი მიწის.
ვინ ძირსა და ვინ ზევითა,
ჯერჯეობით არვინ იცის.
არა ფანდი
აღარ გადის,
დაეფლითათ ტალავარი.
ისევ რჩება გამოცანად,
რომელია ფალავანი...
დასძახიან,
აქეზებენ:
„შუასარმა“, „გორულიო“...
წააქციეს ერთმანეთი,
დაიძახეს: „სწორულიო!“
წამოცვივდნენ
ისე სწრაფად,
რომ განცვიფრდა ფიჭვიანი,
დადგნენ კუშტად,
იმათ შორის
მხოლოდ ერთი
ბიჯი არი.
ორივ ფიქრობს: „ვერ ვაჯობე,
მართლა კარგი ბიჭი არის!“
დგანან უხმოდ,
ადგილიდან
აღარ იძვრის აღარც ერთი,
მერე ზურამ გაიღიმა
ამოუდგა ძმობილს გვერდით...
და შესძახეს:
„ტოლები ვართ!“
გადაკოცნეს ერთმანეთი.