ნაზი თარგამაძე

ერთი ხუთზე

შევიკრიბეთ ხუთი ბავშვი,
გვქონდა ერთადერთი ბურთი.
გავიყავით ათი ვაშლი,
წაბლი - ორჯერ ოცდახუთი.

გელას ნუგა აღმოაჩნდა,
თითო ნუგა შეგვხვდა ყველას,
ორი დარჩა ზედმეტი და
დავუტოვეთ ისევ გელას.

ვიდრე თამაშს დავიწყებდით,
შენც მიხვდები, ჩემო ზურა,
ბურთის გარდა - რა და როგორ
გავიყავით ყველამ ძმურად.

მხოლოდ ბურთს ვერ შეველიეთ,
ვერ გავყავით ერთი ხუთზე,
აქეთ, იქით, ზევით, ქვევით,
ტაციობა გვქონდა ბურთზე.