იოსებ დავითაშვილი

მიბაძვა დავით გურამიშვილისა

კაცი ხარ, კაცად შობილი,
კაცი გიყვარდესო;
გაჭირვებულსა უშველე,
სადაც უჭირდესო.

ეკლესიას დახვიდოდე
ყოველ უქმე დღესო;
დავითნი და სახარება
ორივ იქა ძევსო.

იმათში ესე წერია:
კაცი გიყვარდესო;
კეთილისათვის ბოროტად
ვინც ვალს გიხდიდესო,

სამაგიეროს ნუ უზამ,
დე, თვით გადახდესო;
ჩვენსა მხსნელსაც ეს დამართეს
კაცთა მოყვარესო.

კეთილისთვისა კეთილი
ჯვარზედ მიაკრესო,
ხელებში და ფეხებშია
ლურსმნები დაჰკრესო!

პეტრესა, იმის მოციქულს,
ტყავი გააძვრესო;
ძმაო, კაცთა ხსნისათვისა
თავი იწვალესო!

თვით თუ მოკვდნენ, მათი საქმე
შენ ხომ წინ გიძევსო;
ეწამე შენც მათსავითა,
დეე, რაც გახდესო.

აბა, ეცადე კაცთათვის,
კაცი გიყვარდესო;
გაუნაწილე ყველასა,
რაც კი რამ გქონდესო.

საწყლებსა და დავრდომილებს,
შრომის მოყვარესო,
შენი ხსენებაც ამქვეყნად
სახსოვრად დარჩესო.

1878