ჯეჯილი
(ვუძღვნი პაწია ლევანს)
იზარდე, მწვანე ჯეჯილო,
დაპურდი, გახდი ყანაო;
იკურთხოს იმის მარჯვენა,
ვინც გთესა, მოგიყვანაო!დაპურდი, ჩემო ნუგეშო,
იზარდე თანდათანაო;
ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი,
მზემ შუქი გფინოს თანაო.ქარმა გიღელვოს ზღვასავით,
მწყრებმა მოგძახონ ნანაო;
იზარდე, გაახარევი
ყმაწვილი ჩემისთანაო.შრომის შვილი ვარ ყარიბი,
არავინ გამიტანაო:
ვისაც კი ძმურად მივენდე,
მან გულს დამასო დანაო.ნეტავი აქ არ მამყოფა,
ქალაქში ჩამიყვანაო:
მასწავლა რამე ხელობა,
მასწავლა ანა-ბანაო.ამაღლდი, თავი დაისხი,
ჯეჯილო, ნორჩო ყანაო,
იმისი საზრდო შეიქენ,
ვინც გთესა, მოგიყვანაო.ნამგლებით გარსა გეხვივნენ
ბიჭები ჩემისთანაო:
პეტრე, გიორგი, თევდორე,
ბესო და ალმასხანაო.ჯერს უმზადებდეს თინია,
ა იმ ბერ კაკლებთანაო;
სოსოს ხელადა მოჰქონდეს,
ცივცივი წყაროდანაო.1885