ალეკო შენგელია

გამარჯობა, სოფელო!

ზურმუხტად გადახატულო
და გულის დამატკბობელო,
შენ, გამარჯობა, სოფელო,
ამწვანებულო სოფელო!

თქვენ, გამარჯობა, ველებო,
მთებო, თეთრნაბდიანებო,
ბარაქიანო ყანებო,
ყანებო, ოქროს ყანებო!

მოვდივარ გახარებული,
მოვდივარ გალაღებული,
დამხვდით ჩანჩქერთა გუგუნით,
მინდვრად ქედნების ღუღუნით;

წისქვილის ტკბილი ზღაპრებით,
ნისლის გაშლილი აფრებით,
დილით ცვარ-ნამის ვერცხლითა,
ცაში გაჭრილი მერცხლითა...

მოვდივარ გახარებული,
მოვდივარ, არ ვგვიანდები,
ამინთეთ, ამიჩირაღდნეთ
ფერადი განთიადები!..

ნახვამდის, სასწავლებელო,
კვლავ ჩქარა დაგიბრუნდები,
რომ დავეწაფო სწავლასა,
რომ გასახელო ხუთებით.