აკაკი წერეთელი

მახეში გაბმული ჩიტი

ბავშვები

გაბმულხარ, ჩიტო, მახეში?
გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ!
ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ,
დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?

ჩიტი

ნეტავი რისთვის გინდივართ,
ბავშვებო, გენაცვალებით?
გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე,
რას გამორჩებით წვალებით?

ბავშვები

ვერ შეგელევით, მალხაზო,
აგაცდენთ ყოველ გასაჭირს;
სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ
მაგ პაწაწინა ყელს და პირს.

ჩიტი

რად მინდა თქვენი შაქარი?
არ მიყვარს, ჩემთვის მწარია,
მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს,
სხვაც ბევრი საკენკარია.

ბავშვები

ტრიალს მინდორში, საწყალო,
გაგყინავს ცივი ზამთარი,
და აქ კი ოქროს გალია
შენთვის ახლავე მზად არი!

ჩიტი

ნუ შიშობთ! გადავფრინდები
საზამთროდ თბილსა მხარესა,
ტყვეობაში კი სამოთხეც
არ მინდა გულმწუხარესა!

ბავშვები

ახ, რომ იცოდე, ჩიტუნო,
რარიგად შეგიყვარებდით?
არ მოგაწყენდით, ღმერთმანი,
ნიავს არ მოგაკარებდით.

ჩიტი

ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა,
შეფერვით უეჭველია;
მაგრამ ეგ თქვენი ალერსი,
რა ვქნა, რომ მავნებელია?

გალია ჩემთვის ციხეა,
ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ;
ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ
და თქვენვე გული დაგწყდებათ.

* * *

გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა
აწ მოგომართოს ხელიო!
გაფრინდი, გადაიარე
ჭიკჭიკით მთა და ველიო“.

[1891]