მიხეილ ქვლივიძე

ღია წერილი

ჩემო პატარა თამარ!
ჩემო პატარა ნატო!
თქვენი ქართველი მამა
ცხოვრობს თბილისში მარტო.
ალბათ იკითხავთ: რატომ?
რად არი მამა კენტად,
როცა სულ იმას ნატრობს,
რომ იყოს თქვენთან ერთად?!

იცი, პატარა თამარ,
იცი, პატარა ნატო,
თქვენი ქართველი მამა
თქვენთვის ყველაფერს დათმობს.
მაგრამ ვერ დათმობს, ვერა,
მისთვის ყველაზე ძვირფასს -
თავის მშობლიურ ენას
და თავის მშობელ მიწას!