მიხეილ ქვლივიძე

არსაკიძის ეპიტაფია

მონა იყო. ბევრი ჰყავდა მონას მტერი
(მატიანე ამას დაემოწმება).
ხელისგულზე აიშენა მონასტერი -
სამშობლოზე ერთი მუჭა ოცნება.

მონა იყო. შთაგონების მონა იყო.
მტერთა შორის დაეძებდა მოკეთეს...
მას უნდოდა სამშობლოში მომკვდარიყო,
სამშობლოში მას მარჯვენა მოჰკვეთეს!