შეიბ მახვილი!
ჰაუ, რა ცაა! რა მიწაა! ჰაუ, რა მზეა!
რა მათრობელა სიცოცხლე და სილამაზეა!
მათრობელაა ჰაერი და მზეც მათრობელა,
მთვრალივით მღერის აქ უბრალო ჭრიჭინობელა.
შენც არ დაგბანგოს... არ ჩაგთვლიმოს... სულ ამას ვშიშობ,
ჩემო მამაცო, მშვენიერო, ამაყო ჯიშო.
შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი,
ოღონდ ფუნჯი და ნამგალია შენი მახვილი!
ეძინოს მტრობას, შუღლს ეძინოს... ეძინოს მითებს,
ეძინოს წარსულს, უფრო დიდი წარსულის კლიტეს, -
არა შენს სინდისს, არა შენს სულს, არა შენს ხსოვნას,
არა შენს იმედს, შენს ჭრილობებს - დიდებულს ყოვლად.
მხოლოდ ქართველმა კაცმა უწყის ღმერთის წინაშე,
რა სილამაზე, რა განძი დევს ქართულ სიტყვაში.
დღეა თუ ღამე - მე გიღვიძებ სიხარულს, ტკივილს,
თავწასაგდები მამალივით ვყივი და ვყივი:
არ ჩაგეძინოს, არ ჩაგთვლიმოს, შეიბ მახვილი,
შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი, -
დედაენაა შენი ფარი, შენი მახვილი,
შეიბ მახვილი!
შეიბ მახვილი!