მორის ფოცხიშვილი
ჩანგო ჩემო, ქართულო
ქრისტე ღმერთის ნათლულო, ჩანგო ჩემო, ქართულო,
მწადს გაგენდო ართქმულით, მაგრამ განა არ თქმულა, -
არ იქნება, პარნასზე არ იცოდნენ ქართული,
აბა, ვისთან ვსაუბრობთ პოეტები ქართულად?!
წლებს გვართმევენ წლები და ვარსკვლავებად განფენილ
ღამეს თეთრად ვათენებთ, გულზე გვადგას სათქმელი, -
თავის მოკვლა ყოველთვის შეუძლიათ ქართველებს,
მაგრამ საქართველოსთვის
უნდა მოკვდეს ქართველი!
ვეთხოვებით სიბერეს... სიკვდილის ეტლს გვიჩერებს
დრო და... თუ გრძნობ, რა გველის...
ქართველობას ვინ უწყის, იქნებ ბევრიც იჩემებს,
ბედად საქართველოში
კვლავ ქართველობს ქართველი!
მზე - წითელი მიხაკი, მკერდზე რომ მიკეთია,
სინათლისთვის დაღვრილი სისხლის ერთი წვეთია, -
და თუ რამ სიკეთეა, ერთხმად ითქვას, ერთიან
ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!
ჩემი ერთადერთობაც იქნებ შენ ერთს გეთმობა,
გითმობ, როდი ვერთობი, მინდა შენთან ერთობა, -
სული ჩემი ზღაპრული სხვას არავის ენდობა,
მე თუ რამეს ვცოდვილობ, უნდა მითხრა შენდობა!