მუხრან მაჭავარიანი
საქართველო და... უსვეტიცხოვლო?!
სვეტიცხოველი
ნუთუ მართლა არ იყო ერთდროს?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ მართლა არ ჟღერდა ერთდროს?!
მემატიანეს ვენდოთ?!საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!საქართველოა,
რა საქართველო?! -
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!არყოფილს ერთდროს
არ ასცდება არყოფნა თუკი! -
ვით ბრძანებს ანი,
ლაპარაკობს როგორც მარდუკი.
ერთხელ რომ იდგა, -
იხელახლებს იმგვარი დრო და...
სადღაა შენი
ალავარდი,
გელათი,
შოთა!..სვეტიცხოველი
ნუთუ აღარ იქნება როსმე?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ აღარ იჟღერებს როსმე?!
არყოფნის ნუთუ
არყოფილი მართლაა მოძმე?!
ეს რომ ასეა,
მზეა ნუთუ ამისი მოწმე?!საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!საქართველოა,
რა საქართველო?!
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!