მუხრან მაჭავარიანი

საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...
მეთხუთმეტე კაცად შევიდა...

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ...
ოჰ...
ოჰ...
ოჰო!... –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

...მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!