მორის ფოცხიშვილი

კრება

სათაგვეთში შედგა კრება,
თაგვს სიტყვის თქმის მისცეს ნება.

ტრიბუნიდან თაგვმა უცებ
კნუტს დაუწყო პირში ქება.

ვირთხამ ყური მოიფხანა,
ხედავს თაგვი ტყავში ძვრება, -
„წრუწუნ, როგორ გეკადრება
სათაგვეთში კატის ქება?!“

„კატა სხვაა, კნუტი სხვაა!“ -
თაგვი მაინც არა ტყდება.

ვირთხამ ჰკადრა:
„წრუწუნ, კნუტი
მალე კატად გაიზრდება“.

მოიკრიბა კნუტმა ძალა,
მოეწონა კატის ქება,
კატასავით დაიჩხავლა...
ჩაეშალათ თაგვებს კრება.