წინაპრები
ფეხშიშველმა, მუხლისმოყრით,
ვინც ილოცა ლომისაო,
მერმე ჯავრი აღარ ჰქონდა
უთვლელ მტრებთან ომისაო,
დრო არ დარჩა გადამთიელს,
ჩვენს მიწაზე დგომისაო,
ქარმა შორით შორს წაიღო,
ფოთლად შემოდგომისაო.
ვეფხის მოყმევ, მოყმის ხელი,
როგორც ტორი ლომისაო,
შუბლში მოხვდა მოძალადეს,
გაქრა ბნელი ტომისაო.
... ვინაც მამულს შეეწირა,
გამობრწყინდა მაღლითაო,
თვით უფალი შეეწიათ,
ანათებენ მადლითაო;
ხარის რქებზე წმინდა სანთლებს,
კვლავ ანთებენ თრთოლვითაო,
ინეტარეთ დიდნათელში,
დაღლილებო ბრძოლითაო.