მურმან ლებანიძე

საქართველო გიყვარდეთ!

დარიგება არ გიყვართ
ბავშვებს - გაგებული მაქვს,
ყველა შეგონებაზე
ხელი აღებული მაქვს.
ეს ერთი კი სხვა არის -
საფიცრად გაიხადეთ:
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეთ!

გახსოვდეთ საქართველო
თქვენგან სახელს რომ ელის.
გახსოვდეთ მისი ენა,
მისი ხალხი მშრომელი.
წინაპართ საფლავებთან
ქუდები მოიხადეთ...
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეთ!

კახეთის ვენახები,
ქართლის ციხე-კორდები,
მესხეთის ქვიტკირები,
იმერეთის ოდები,
რვეული რომ გაშალოთ,
სახსოვრად ჩაიხატეთ...
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეთ!

თვალი კარგად მოავლეთ
ჭალებს არაგვიანებს,
მოყვარეს რომ ახარებს,
მტერს რომ ანაღვლიანებს;
აწმყოს ჩვენსას დასჯერდით,
წარსული დაიქადეთ...
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეთ!

გახსოვდეთ საქართველო
თქვენგან სახელს რომ ელის.
გახსოვდეთ მისი ენა,
მისი ხალხი მშრომელი.
მყოობადის ყვავილი
საფიცრად გაიხადეთ...
ლიხს იქით და ლიხს აქეთ
საქართველო გიყვარდეთ!