მურმან ლებანიძე

* * *

არა მარტო
მძლავრ პოემას ვეფხისას,
ტატოს მერანს,
წერეთლისას ჩანგურს,
მე ქედს ვუხრი
წიგნს გლეხის და მეხრისას -
უძვირფასეს
პოეზიას ხალხურს!

მოანიჯებს
გენიოსი მწყემსი,
ათასწლების
ტევრში მოსდევს მთა-ბარს,
პეპლის ჯარი
მწყემსს ამგვარად ესმის -
საყვარლისას
ჭრელს აგონებს კაბას!

რა ელვა და
ვარსკვლავები ცთომილი!
რა ფერები!
რა ბრდღვიალი ხოხბის!
რა ლექსები
იგავმიუწვდომელი!
რა ბალადა
ვეფხისა და მოყმის!

„ქალსა ვისმეც“
ხომ რუსთველის დონეა!
წინ, პოეტო,
წინ, ხალხური ლექსისკენ!
რა საჭურჭლე,
რა სიმდიდრე გვქონია
ტყაპუჭიან,
ხელკომბლიან მწყემსისგან!

ვართ პატრონი
ჩეჩქად ოქრო-ვერცხლის!
მე შევხარი
ჭრელ საჭურჭლეს ზღაპრულს,
საოცრებას
ქვეყნად მერვე-მეცხრეს -
სწორუპოვარ
პოეზიას ხალხურს!