მურმან ლებანიძე

შენ გიტოვებ, ეს ქვეყანა შენია

ეს ქვეყანა, ეს ალპური მინდვრები,
ეს კლდეები, არჩვით, ჯიხვით მდიდრები,
ეს ზეგნები, წიფლის, მუხის ჯარებით,
ეს ტევრები, ეს ყანები, ჭალები,
ეს კოშკებიც, მთებს რომ შემორჩენია,
ყველაფერი, ყველაფერი შენია!

ეს კოლხეთი, ეს ქართლი და კახეთი,
ეს ქვეყანა ლიხს იქით და ლიხს აქეთ,
ეს შავი ზღვა, ეს ცისფერი ტყეები,
ლურჯი ტბები, ურჩი მდინარეები,
წინაპართა წყალობით რომ გშთენია,
ყველაფერი, ყველაფერი შენია!

ეს ბაღები, ეს არხები, დამბები,
ეს ქარხნები, ეს ჩარხები, სტამბები,
ეს სოფლები, ქალაქები, დაბები,
ეს საზღვრები, ძმობის, მტრობის ძაფები -
მე მივდივარ, ახლა შენი ჯერია, -
ყველაფერი, ყველაფერი შენია!

ეს ბოლნისი, ჭიათურა, ტყვარჩელი,
ეს სპილენძი, მარგანეცი, ნახშირი,
ეს ფიქალი, ეს მარმარის ლოდები,
მიწის გულში გაფანტული ზოდები,
ჯერ ყრმა ხარ და შენთვის არაფერია,
დაგჭირდება, ეს სიმდიდრე შენია!

ეს წარსული - ეს ფრესკები, ტაძრები,
სულის ბერვით გასაჩხრეკი ნაცრები,
ეს ასპინძა, ეს დიდგორი, კრწანისი -
ეს კრწანისი, მწარეზე უმწარესი,
რომელს ჩვენთვის ხვედრი დაუდგენია,
ყველაფერი, ყველაფერი შენია!

სხვას ვინ მისცა „ლილეო“ და „მხედრული“!
უძველესი ხელოვნება ჭედური!
ეს - აკაკი, ეს - ვაჟა და ილია!
და თუ დიდთან ჩვენიც მცირე წვლილია
(რა თქმა უნდა, სხვაა რუსთვლის გენია!),
ყველაფერი, ყველაფერი შენია!

ხარ მდიდარი აურაცხელ ქონებით,
სისხლით, ჯიშით, სიმხნით, ნიჭით, გონებით!
ხარ აწმყოთი და წარსულით მდიდარი,
თან ხვალის დღის შიში არავითარი!
ღმერთი-რჯული, წასვლა მე არ მწყენია,
მე მივდივარ, ახლა შენი ჯერია -
შენ გიტოვებ, საქართველო შენია!