საახალწლო
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები.
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი –
უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:
მწვანე სუროს ფოთოლი... კურკანტელას მარცვალი...
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული, მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული, ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი „მრავალჟამიერ“ აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც ვერ გამიგია, რა მახარებს, რას ველი
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგყურებ, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები!1942