ნინო ქობულაშვილი

ვარძიის საჯინიბო

...და გამომკვეთეს
კლდეში, ვით იცით,
ვარძიის კლდე მაქვს კედელი,
ბედაურები დამიბეს ფიცხი,
ჯაჭვის და ლაგმის მკვნეტელი.
და მეჯინიბეს მოჰქონდა ქერი,
უხვად ეყარა ბაგაში,
პატრონნი ჩემნი შმაგნი და ხელნი
ხმალს არ აგებდნენ ქარქაშში.
და როცა იდგნენ ბერები ლოცვად,
ტორს სცემდნენ მიწას ცხენები,
შეუჩვეველნი დგომას და მოცდას
სისხლი კიოდა ჭენების.
და როცა რეკდა განგაშით ზარი
მტერს არისხებდა თამარი,
და მეფის მძლავრი სკიპტრით და ჯვარით
ფეხზე დგებოდა მთა-ბარი.
და მერე ვიდრე ცისკარი კლდეზე
გადმოდგებოდა ჯიხვივით,
ქვებზე ცვიოდა ფლოქვების კვესი,
იყო მერნების ჭიხვინი.

...........................................

და ჟამთა სრბოლის გვცემდა ფაფარი,
ძრწოლვით დავფარეთ მანძილი
და კლდის ბზარებში ძველი ზღაპარი
გაცოცხლებულა ვარძიის.