საქართველო გვიყვარდეს!
ეს ანბანი, ეს წიგნები -
ნაწერები ქართული,
მათი შუქი, მათი მწუხრი
გულის ძარღვში ჩართული,
ვარძია და უფლისციხე,
იყალთო და გელათი,
გალავნები, გუმბათები,
ჩუქურთმები ფერადი,
თქმულებები, ძილშიც სიზმრად
გაყოლილი დილამდე,
ყველაფერი გვეუბნება:
- საქართველო გვიყვარდეს!მთები, მთები, ველ-მინდვრები,
შევარდნები ფრთა-მალი,
მეფოლადე, მხვნელ-მთესველი,
მისი ჰარიჰარალი,
ჯეჯილები, ვენახები,
წყაროები ჩხრიალა,
სამეგობრო თბილი სუფრა,
დასაცლელი ფიალა,
რიონის და მტკვრის დუღილი,
მათი ელვა, სიმარდე, -
ყველაფერი გვეუბნება:
- საქართველო გვიყვარდეს!ნუ მოშლოდეს მის მიწა-წყალს
მოძახილი ქართველის,
მისი პური, გულუხვობა,
სიყვარული, სათქმელი.
საუკუნე საუკუნეს
წინ დიდებით მიჰყავდეს,
ყოველ დროში გაისმოდეს:
- საქართველო გვიყვარდეს!