იოსებ ნონეშვილი

დედაო, საქართველოვ…

დედაო,
საქართველოვ,
ჩვენო ეზო-კარო,
დაწმენდილო
არაგვო,
ამღვრეულო
მტკვარო;

ალაზანო,
შენი ხმა
ჭალას ძლივს რომ ესმის,
ყვირილაო,
მყვირალო
იმერეთის მთებში,
ქუჩო,
ჩუმო,
უჩინოვ,
კლდის ლიბო რომ გმალავს
და კლდის თავზე
ბერმუხავ,
ქედმაღალო მარად;
შევარდენო,
მბრუნავო
მწვერვალებზე მაღლა
და ძირს,
მინდვრის ხაოში
განაბულო
ღალღავ;
უშიშარო
არწივო,
მეხთან შენაბრძოლო
და ფერდობზე,
ბარდებში,
გულმშიშარა
გნოლო;
ვარძიაში
თამარის
წყაროვ,
წყნარზე წყნარო
და შენ,
პალიასტომის
ზვირთო,
დაუმცხრალო;
რუხო,
ნოქალაქევო,
ნისლს ახლაც რომ იხვევთ,
ჩვენო ახალქალაქო,
ჩვენო ახალციხევ;
ძველო
დიოსკურიავ
ზღვადაღვრილო გულზე
და ახალო
რუსთავო,
მზეს ლაღად რომ უმზერ;
მამეულო
მამულო,
ტბეთო,
არტანუჯო,
აწეულო
ცარგვალო,
წაქცეულო
ბურჯო;
ზღვისპირეთში
ზამთარშიც
გაზაფხულის
დარო,
თიბათვეში
თეთნულდზე
თოვლო
დაუმდნარო;
ნარიყალას
ბურჯებზე
მოდებულო
ხავსო
და ახალო
თბილისო,
შუქურბაღის მსგავსო;
დედაო,
საქართველოვ,
ახალო და
ძველო,
შენი წინსვლისა იყოს,
შენი სადღეგრძელო!
1964