იოსებ ნონეშვილი

თუ საქართველო არის ედემი

აკაკის

ილიას ცალი,
მხარი,
ძმობილი,
ბედთან იყავი მუდამ თავნები.
თვალებით,
ოდნავ ზეაპყრობილით,
სამშობლოს ვარსკვლავს უთვალთვალებდი.

ქართული ლექსის
ხარ გაზაფხული,
შენებრ მგოსანი სხვა ვინ გვეგულვის,
ასე ქართული,
ასე ხალხური,
ხალხში,
ხალხისთვის დაბადებული.

დიახ, იყავი მართლაც სახალხო,
მართლაც
ხალხური მადლი
მოგდევდა.
შენს შემდეგ ნურვინ დაიტრაბახოს
ქვეყნად
სახალხო მგოსნის
წოდება.

დღესაც ოცნების
შუქად ედები
ჩვენთა სოფელთა,
ჩვენთა დაბათა.
თუ საქართველო არის ედემი,
შენ მის ბულბულად ღმერთმა დაგბადა.

იცოცხლებ,
ჩვენო სიტყვავ ნათელო,
ვიდრე იცოცხლებს
თვით საქართველო...
საქართველო კი
იცოცხლებს მარად,
მას რუსთაველის
შუქმადლი ჰფარავს.
მას შენი ლექსიც
უჭირავს ფარად...
მარად ოცნების,
შუქად ედები
ჩვენთა სოფელთა,
ჩვენთა დაბათა.
თუ საქართველო არის ედემი,
შენ მის ბულბულად ღმერთმა დაგბადა.

1960