გიორგი ლეონიძე

„ვეფხისტყაოსანს“

ხელში აგიღებ... გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი, ჩაგცქერი;
წიგნი კი არა, ჟრჟოლა ხარ
ჩამოქუფრული ჩანჩქერის.

წიგნი კი არა - ბაღი ხარ,
ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!

წიგნი კი არა - დილა ხარ,
ქართველი ხალხის ნათელი,
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.

შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,
დიდია შენი სახელი;
მთების სიბრტყენი გადასჭერ,
სამშობლოს გარეთ გახველი.

შენი სიბრძნე და ოცნება
გულში აქვთ გამოკვანძილი,
ჩამოურიგდი ქვეყანას,
როგორც დიდი მზის ნაწილი.

გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა -
შენ, დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!