გიორგი ლეონიძე

ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით

ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?

ვეღარ ვემთვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახებენ: თქვენ გელოდებით!

იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს:
- გაზაფხულია, რად არ აყვავდი!
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის,
ჭოროხის კვნესას - ქვათა ღაღადი...

შავშეთის მთებზე ნისლი გადადის,
კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს.
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...

მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასანაცრები! -
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.

რუსთველის მამულს, მერჩულეს მამულს,
ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;
თუ ნაგუბარში წყალი ჩამდგარა,
მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები!

1946